„ჩირინა“ მცირე საწარმოა, რომელიც კახეთის რეგიონში აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა ჩირს, ცუკატს, ტყლაპს, მურაბას, სხვადასხვა ნუგბარს, ხილის და მცენარეულ ჩაის. „ჩირინას“ ნაწარმი უნიკალურია. ის სოფლის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში მოყვანილი უწამლი ხილ-ბოსტნეულისგან მზადდება. შრება სპეციალურ აპარატურაში და დაცულია შენახვის ყველა პირობა.
ბრენდის ისტორია 2021 წლიდან დაიწყო. სურვილი გაჩნდა შექმნილიყო ქართული, ჯანსაღი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქტი, რომელიც ყველა ასაკის მომხმარებლისთვის საყვარელი ნუგბარი გახდებოდა. ამასთან, საქართველოს წარმოადგენდა უცხოეთის ქვეყნებში და საუკეთესო საჩუქარი იქნებოდა.
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, მცირე საწარმომ 2022 წელს გაფართოება შეძლო და წინა წელთან შედარებით, 30-ჯერ გაზარდა წარმოება. დღეს „ჩირინა“ აწარმოებს 50-ზე მეტი დასახელების პროდუქტს. ქართველი მომხმარებლებისთვის სასურველი ნუგბარია, ხოლო სასაჩუქრე შეფუთვების სახით გაგზავნილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.